English / ქართული / русский /
ლალი ხიხაძე
განახლებადი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების უპირატესობები და ნაკლოვანებანი სათბობ-ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში: მსოფლიო გამოცდილება და პრაქტიკა საქართველოსათვის

 

ანოტაცია: კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორია დაკავშირებულია სათბობ-ენერგეტიკის განვითარებასთან, რადგანაც ენერგეტიკული რესურსების დეფიციტი და სიუხვე მკვეთრად განსაზღვრავს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარების დონეს. მსოფლიოში მიმდინარე ფინანსურმა, ენერგეტიკულმა და ეკოლოგიურმა კრიზისმა სავსებით შეცვალა წარმოდგენა სათბობ-ენერგეტიკის განვითარების მომავალზე. ცივილიზებული კაცობრიობა დარწმუნდა, რომ 4-5 ათწლეულის შემდეგ საქმე გვექნება პრინციპულად ამოწურულ რესურსებთან, ხოლო ეკოლოგიური თვალსაზრისით სიძნელეები გვექნება მათ გამოყენებაში. ამიტომ ქვეყნების წინაშე წარმოიშვა აუცილებლობა ენერგომომჭირნეობის პოლიტიკის განხორციელებისა, სათბობი რესურსების გამოფიტვა ორიენტაციას აკეთებს ენერგიის ახალ აღმდგენად წყაროებზე, რომელთა გამოყენებამაც შეიძლება შეანელოს ბუნებრივი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანი ხარჯვა.

თანამედროვე ეტაპზე ენერგოუსაფრთხოება და სათბობ-ენერგეტიკული პოლიტიკა აქტუალურ და მწვავე პრობლემას წარმოადგენს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, რადგანაც მოთხოვნა ნავთობსა და ბუნებრივ აირზე სულ უფრო იზრდება სახელმწიფოების მხრიდან და ხშირად იმ სახელმწიფოთა პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც რესურსები არ გააჩნიათ, დიდი დილემის წინაშე დგანან, როგორ უზრუნველყონ თავიანთი სახელმწიფოს მოთხოვნილებები ენერგორესურსებზე ხელსაყრელ ფასად და მდგრადი ენერგოუსაფრთხოების დასაცავად. ის ქვეყნები რომლებიც ფლობენ დიდი მოცულობით ენერგორესურსების მარაგს, ან ხელი მიუწვდებათ მათ კონტროლზე, ცდილობენ ეს უპირატესობა საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად აქციონ.

დღეისათვის მსოფლიოს ენერგეტიკული ბალანსი ასეა განაწილებული :ნავთობზე მოდის მოხმარების- 36%, ბუნებრივ აირზე-28%, ქვანახშირზე-18%, ჰიდრორესურსებზე-14%, ატომურ ენერგეტიკაზე-3%, ხოლო არატრადიცულ ენერგორესურსებზე მოდის 1%. სწორედ ორგანული სათბობი რესურსების ინტენსიური გამოყენება იწვევს დედამიწაზე სითბური ეფექტის ზრდას და გლობალური დათბობის პროვოცირებას, ამასთან ეს წყაროები ამოწურვად და არაგანახლებად კატეგორიას განეკუთვნება, ამდენად ადრე თუ გვიან მოგვიწევს მათი ჩანაცვლება ალტერნატიული (განახლებადი რესურსებით). ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ყოველწლიური ნავთობის მოპოვება მსოფლიოში შეადგენს 3,4 მლრდ. ტონას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნავთობის მსოფლიო მარაგი შეფასებულია 140 მლრდ, ტონად. გრძელვადიან პერსპექტივაში მკვეთრად გაიზრდება ფასები ნავთობზე და საშიშროება იქმნება ნავთობის მარაგის ამოწურვაზე, რადგანაც თანამედროვე მოპოვების თვალსაზრისით ნავთობის მარაგი საკმარისი იქნება 40-50 წლის მანძილზე. ბუნებრივი აირის მოპოვება 2-3 ტრილიონ მ3 შეადგენს, საპროგნოზო მაჩვენებლებით ნავარაუდევია, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების ხვედრითი წილი 2030 წლისათვის მაქსიმუმს მიაღწევს, რაც მიგვანიშნებს ფასების ზრდაზე და ბუნებრივი აირის მარაგების შემცირებაზე.

საკვანძო სიტყვები: საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული სისტემა, განახლებადი რესურსები, ორგანული სათბობ რესურსები, ჰიდრორესურსები, გეოთერმული წყალი, მზის, ქარის, ბიომასის რესურსები, ეკოლოგიური წონასწორობა, გლობალური დათბობა, განვითარებული ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა .

თანამედროვე მსოფლიოში სათბობ-ენერგეტიკული სისტემის განვითარების დინამიკა და ზემოთაღნიშნული ტენდენციები მიუთითებს ახალი ეტაპის დასაწყისზე, რომელიც ხასიათდება ნაწილობრივი გადასვლით ტრადიციული ორგანული წარმოშობის სათბობი (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა) ენერგორესურსების მოხმარებიდან ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე. კერძოდ, ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით გარკვეული როლი ეკისრება განახლებად, ეკოლოგიურად სუფთა წყაროებს: ჰიდრორესურსებს, გეოთერმული წყლებს, მზის, ქარის, ბიომასის ენერგიას. აღნიშნული არატრადიციული განახლებადი რესურსების ათვისება და მათი რაციონალური გამოყენება ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნებისმიერი ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკის კომპლექსს. ალტერნატიული რესურსები, ორგანული წარმოშობის რესურსებისაგან, განსხვავდება ორი მნიშვნელოვანი თვისებით: ისინი პრაქტიკულად ამოუწურავია, მათი გამოყენება ეკოლოგიურ წონასწორობას არ არღვევს და გლობალურ გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს. ენერგიის არატრადიციული სახეების მასშტაბების გაფართოება მოითხოვს უფრო ეფექტიან ტექნიკურ საშუალებათა ძიებას, მატერიალურ -ტექნიკური ბაზის შექმნასა და სპეციალიზებულ მოწყობილობათა გამოშვებას.

ენერგეტიკული რესურსები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: განახლებადი (ალტერნატიული) და არაგანახლებადი(ტრადიციული) რესურსები. პირველს მიეკუთვნება: მზის(ჰელიო), ქარის(ეოლო), გეოთერმული წყლების, ბიომასისა და ზღვის ტალღების. მეორე კატეგორიას მიეკუთვნება ტრადიციული ენერგეტიკული რესურსები -ჰიდრო, სათბობისა და ატომური ენერგეტიკის სახით. მეცნიერული კვლევები ცხადყოფს, რომ განახლებადი რესურსების რაციონალური ათვისება და ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული სისტემის მდგომარეობას.

განახლებადი ენერგეტიკული რესურსების უპირატესობებია:
 არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე და ეკოლოგიურ წონასწორობაზე;
 სრულად განახლებადი და ამოუწურავია;
 განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებით და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, მინიმუმადე შემცირდება მავნე ნახშირწყალბადების ემისია და გლობალური სითბური ეფექტის შემცირება;
 ყველა ქვეყანა თავად აკონტროლებს და არეგულირებს საკუთარ მოხმარებას.

განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ნაკლოვანებებია:
 სრულად განახლებადია, მაგრამ ახასიათებს სეზონურობა. კეძოდ ზამთრის პერიოდში მინიმალური და არათანაზომიერია(ღამით) მზის ენერგორესურსები და მინიმალურია ელექტროენერგის გამომუშავება, ზაფხულის პერიოდში გვალვების დროს იკლებს მდინარეების (წყალუხვობა)ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და ნაკლები ელექტროენერგია გამომუშავდება.
 ხეების მოჭრა, ბიომასის შეგროვება, შენახვა და გადამუშავება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული , ასევე ინვესტირებას და ექსპლოატაციის ხარჯებს მოითხოვს მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობა.
საქართველო არ არის მდიდარი ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებით, მაგრამ ქვეყანა ფლობს უნიკალურ განახლებად რესურსების პოტენციალს-ჰიდრორესურსების, მზის, ქარის, გეოთერმული წყლების, ბიომასის სახით.
საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჰიდრორესურსებს. ფართო განშტოებული სამდინარო ქსელი შეხამებულია მაღალ მთიან რელიეფს და უხვი ატმოსფერული ნალექი განსაზღვრავს წყლის ენერგიის დიდ მარაგს. წლიური ჯამური ჩამონადენი შეადგენს 66კმ3, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე არათანაბრად არის განაწილებული. დასავლეთ საქართველოს მდინარეების წილზე წლიური ჩამონადენი მოდის 49.7 კმ.3, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს წილზე 16.3 კმ.3, წელიწადში.
საქართველოს მდინარეები ხასიათდება მაღალი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით. ქვეყნის ყველა მდინარის პოტენციური სიმძლავრე არის 26.1 მლნ. კვტ. რომელსაც შეესაბამება წელიწადში 159.4 მილიარდ. კვტ.სთ. ენერგია. 26500 მდინარიდან ჰიდროენერგეტიკული მიზნებით გამოიყენება ქვეყნის უმსხვილესი წყალსაცავები – ენგური, რიონი, მტკვარი, კოდორი, ბზიფი, ცხენისწყალი, არაგვი და ხრამი. საქართველოს ჰიდრორესურსების შემდგომი ათვისება ჯერ კიდევ ამოუწურავია, რადგანაც საქართველოს ჰიდრორესურსების მხოლოდ 20 % -ია ათვისებული, ქვეყანა კი განიცდის სათბობის, ელექტროენერგიის დიდ დეფიციტს და უმთავრესად ენერგორესურსების იმპორტზეა დამოკიდებული. ამდენად უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების დაჩქარება, რაც ბუნებრივია სარგებლობას მოუტანს, როგორც მოსახლეობას, ასევე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესებას.
ჩვენი ქვეყნის გეოთერმული წყლების 23 საბადოდან დამუშავებაშია 17. ესენია კინდღი-მოქვის, რეჩხის, საბერიოს, ზუგდიდი-ცაიშის, ქვალონის, მენჯის, სამტრედიის, ვანის, თბილისის, ბიჭვინთის, ხარაგაულის, ალაზნის, კარდანახის, ჯანდარის, ყვარლისა და ენისელის.
გეოთერმული წყლები გამოიყენება თბოენერგეტიკული მიზნით კომუნალურ მეურნეობაში, სასათბურე კომბინატებში, ტექნოლოგიური საჭიროებისათვის ჩაის მრეწველობაში. ბალნეოლოგიურ კურორტებზე და სხვა. ამასთან თერმული წყლების გამოყენება მეტად არადამაკმაყოფილებელია. გეოთერმული წყლების გამოყენების დონე არ აღემატება 30-35%-ს. ხოლო პროგნოზული მარაგია 220-250 მლნ. კუბური მეტრი წელიწადში. დანარჩენი წყალი კი უქმად იღვრება და იწვევს ახლომდებარე ტერიტორიის, როგორც თბურ, ასევე ეკოლოგიურ დაბინძურებას. საქართველოში არსებული გეოთერმული რესურსების ათვისების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დავზოგოთ 2,5 მლნ. ტონა პირობოთი საწვავი, რასაც გააჩნია ეკონომიკური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ეფექტი. გასათვალისწინებელია, რომ გეოთერმული წყლების ენერგიას ენერგეტიკაში იყენებს 20-ზე მეტი ქვეყანა მსოფლიოში, მათგან აღსანიშნავია- ისლანდია, საფრანგეთი, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სხვა. განვითარებულ ქვეყნებშიც გეოთერმული წყლების ენერგიის ხვედრითი წილი მთლიან ენერგეტიკაში ძალიან მცირეა, მაგრამ ასეთი სახის ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივა მნიშვნელოვანია. დედამიწის გეოთერმული წყლების უზარმაზარი მარაგი თითქმის პრაქტიკულად ამოუწურავია, მათი სითბური პოტენციალი განისაზღვრება 2,94X1024ჯოულით.
ამჟამად 50-ზე მეტ ქვეყანაში ვითარდება გეოთერმული ენერგეტიკა. ყველაზე მეტად წარმატებები გეოთერმულ ენერგეტიკაში აქვს იმ ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნავთობის იმპორტზე. მაგალითად, ფილიპინები, სალვადორი, არგენტინა, ეკვადორი, აგრეთვე მაღალგანვითარებული ქვეყნები – აშშ, იაპონია, იტალია და სხვა. საქართველოში გეოთერმული წყლები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ენერგეტიკაში, სასათბურე მეურნეობაში, კომერციულ სტრუქტურებში და საცხოვრებელ სახლებში გათბობისა და ცხელი წყლის მიწოდების მიზნით გეოთერმული სისტემების საშუალებით.
ჰელიო რესურსი – მზე არის ენერგიის უდიდესი წყარო, რომლის სიმძლავრე შეადგენს 4X1023კვტ.სთ, ამასთან დედამიწის წილზე მოდის დაახლოებით 1014კვტ. სიმძლავრე ანუ 34 მლრდ. ტონა პირობითი სათბობი წელიწადში. საშუალოდ 1მ2 განათებულ დედამიწის ზედაპირზე მოდის 1კვტ.
თბური დანადგარებისათვის მზის ენერგიის გამოყენება უდავოდ რაციონალურია, რაც შეეხება ელექტროენერგიის მიღებას – ჯერ კიდევ ძვირადღირებული წყაროა, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ამ მხრივ მნიშვნელოვანი მუშაობა ტარდება. ამჟამად იაპონიაში 8 მლნ.ზე მეტი სახლი მზის ენერგიით გამთბარ წყალს ღებულობს, ამ დანადგარების საერთო სიმძლავრე 3,2 მლნ. კვტ-ია. აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, იაპონიაში აშენებულია 50-ზე მეტი მზის ელექტროსადგური, რომელთა სიმძლავრე რამდენიმე ათეული ათასი კილოვატია.
საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია და მერყეობს 200-დან 250 დღემდე. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ უფრო მზიანია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონები, ვიდრე შავი ზღვისპირა და კოლხეთის დაბლობის რაიონები. წლის განმავლობაში მზის ნათების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება როდიონოვკაში (2633სთ.) ყველაზე დაბალი საირმეში (1147სთ.), ზამთრის თვეებში მზის ნათება საშუალოდ 80-120საათს, (მაქსიმუმი შესაძლებლობის 25-40%), ხოლო ზაფხულის თვეებში ზოგჯერ 225-300 საათს (50-65%) და ხელსაყრელ წლებში 300-360საათს (70-75%) შეადგენს.
მზის ენერგიის ხვედრითი მაჩვენებელი საქართველოს ტერიტორიის 1კვ. მეტრზე წელიწადში თეორიულად შეადგენს 1500-1800კვტ. სთ-ს, ხოლო ჯამური ენერგეტიკული პოტენციალი ქვეყნის მთელ ფართობზე გაანგარიშებით შეადგენს 10 მლრდ.კვტ. სთ-ს. რაც 34 მლრდ. ტ. პირობითი საწვავის ეკვივალენტურია. მზის თბური კოლექტორების დახმარებით, მზის პანელების გამოყენებით შეიძლება დავზოგოთ წელიწადში ენერგიის ეკვივალენტური 7 მლნ. ტონა პირობითი საწვავი, რაც თითქმის ნახევარია იმ ორგანული საწვავისა, რაც იხარჯება ქვეყანაში ენერგეტიკული მიზნებისათვის. ბუნებრივი რესურსების შესაბამისად მზის ენერგიის გამოყენების მაქსიმალური ეფექტი შეიძლება მივიღოთ სამხრეთ საქართველოს მთიანეთში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, აგრეთვე კოლხეთში, აფხაზეთისა და აჭარის სანაპირო ზოლში.
მზის ენერგიის ძირითადი უარყოფითი მხარეა მისი სეზონურობა და არათანაბარზომიერება (ღამით, ღრუბლიან ამინდში, ზამთარში), ამიტომ სარეზერვო დანადგარებისა და აკუმულატორების შექმნაა საჭირო. ამჟამად საქართველოში მზის ენერგიის გამოყენება მხოლოდ საწყის ფაზაშია, მაგრამ მომავალში მას არსებითი მნიშვნელობა უნდა დაეკისროს.
უახლოეს ათწლეულში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში მუდმივად აღმდგენადი მზის ენერგიის ჩართვას. გასათვალისწინებელია მსოფლიოში ლიდერი ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება მზის ენერგიის წარმოების მხრივ, მზის ენერგია მთავარ პრიორიტეტად ითვლება ისრაელის, გერმანიის, იტალიის, ბელგიის, აშშ-ის, ჩინეთის სათბობ-ენერგეტიკის სისტემაში.
ქარის (ეოლო )ენერგიის გამოყენება. ქარის ენერგიაზე ინტერესის განახლება მოხდა ჩვენი საუკუნის 70-იან წლებში, მსოფლიო ენერგეტიკაში კრიზისული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გამოიწვია ორგანულ სათბობზე ფასების მომატებამ, განსაკუთრებით ნავთობზე. ამ პერიოდში გამწვავდა გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების პირობებიც, მავნე გამონაბოლქვების დიდი რაოდენობით გამოყოფა, რომელიც მიიღება ორგანული სათბობის წვის დროს.
ამჟამად ქარის ენერგიის გამოყენების საკითხში საკმაოდ დიდი მიღწევები აქვთ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს: დანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ინგლისს, შვედეთს, ჩინეთს, აშშ-ს. .ამ ქვეყნებში დამუშავდა და დიდი რაოდენობით ექსპლოატაციაშია ქარის ენერგოდანადგარები, ამავე დროს მიმდინარეობს დამუშავება, ზოგან კი დანერგვა (აშშ, დანია) დიდი სიმძლავრის ქარის ელექტროაგრეგატების აგების. აღნიშნულ ქვეყნებში დამუშავდა და ხორციელდება ქარის ენერგიის გამოყენების სახელმწიფო პროგრამები, რომელთა მიზანია გაიზარდოს ქარის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი საერთო მოთხოვნილებაში. განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები ესწრაფიან თავის ენერგეტიკული ბალანსის 15-20%-ით აღდგენა ქარის ენერგიის ხარჯზე განახორციელონ.
საქართველო ქარის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით უნიკალური ქვეყანაა. იგი ქარის ენერგიის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პოტენციალს ფლობს. კერძოდ, ყოველწლიურად შესაძლებელია 4 მლრდ. კვტ/სთ ელექტროენერგიის გენერაცია. ჩვენს ქვეყანაში ქარის გამოყენების ყველა პირობა არსებობს, რაც მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემს სათბობ-ენერგეტიკის სისტემის განვითარებაში, ასევე ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტაში. მეცნიერული კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქარის ენერგიის გამომუშავების თეორიული რესურსები შეიძლება შეფასდეს 1012კვტ.სთ-ის ოდენობით. რეალურად ქარის ენერგეტიკის წილად შეიძლება წელიწადში მივიღოთ 2-3 მლრდ.კვტ./სთ. ელექტროენერგია. რაც ქარის ენერგეტიკის პერსპექტიულ განვითარებაზე მიუთითებს.
ქარის ენერგეტიკული რესურსების პოტენციალი, როგორც ცნობილია დამოკიდებულია ქარის სიჩქარესა და ხანგრძლივობაზე. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის საშუალო წლიური სიჩქარე მერყეობს წამში 0,5-0,9მეტრის ფარგლებში. სიჩქარის შემცირება შეიმჩნევა ქარისაგან შედარებით დაცულ ადგილებში – ღრმა ხეობებში, კახეთის მთებს შორის დაბლობებზე. მაღალი სიჩქარე (6მ/წმ-ზე მეტი) დამახასიათებელია დიდი კავკასიონის და სამხრეთ საქართველოს მაღალი და ღია ადგილებისათვის. ქვეყნის მთელ რიგ რაიონებში ხშირად ქარის სიჩქარე სჭარბობს წამში 15მ-ს. ასეთი ადგილებია რიონისა და მტკვრის ხეობები. ამ რაიონებში საშუალოდ წლიურად ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი აღწევს 35-ს. ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე მუშა ქარების ხანგრძლივობა წელიწადში საკმაოდ მაღალია, მაგ. მამისონის უღელტეხილზე შეადგენს 6980სთ _ს, ცხრაწყაროზე 6714სთ-ს, დიღომში 4020სთ, ფოთში – 4280სთ, ურეკში 5233სთ-ს, გორში 5017სთ-ს, ბათუმში 6242სთ. თბილისში 4436სთ-ს, ყაზბეგში 4951სთ-ს. ქარის ენერგეტიკის განვითარებისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობებია აგრეთვე გარდაბანში, ახალქალაქის, ბოგდანოვკის მიდამოებში და ცალკეული ქედების თხემებზე. სადაც წლის მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში (2000-4000სთ.) ქარის ენერგეტიკული სიჩქარეები 4-5 მეტრზე მეტია წამში.

საქართველოში ქარის ენერგეტიკის განვითარებისათვის არსებობს ფრიად ხელშემწყობი პირობები: 165 მეტეოსადგურზე ათეული წლების განმავლობაში დაგროვილია დიდძალი სტატისტიკური მონაცემები ქარის სიჩქარეებსა და მიმართულებებზე. ამ მიმართულებების ბაზაზე შეფასებულია ქარის პოტენციალის სიდიდე, შესწავლილია მისი სივრცული განაწილება და ქვეყნის ტერიტორია დარაიონებულია ქარის პოტენციალის სიდიდის მიხედვით, სადაც ქარის პოტენციალის სიდიდე შეესაბამება ქარის დიდი ენერგეტიკის მოთხოვნილებებს. ამ მონაცემების საფუძველზე რამდენიმე კონკრეტულ ადგილზე დასაშვებია დაიწყოს ქარის სადგურის დაპროექტება და მშენებლობა. კერძოდ, ეს არის ლიხის ქედზე განლაგებული მთა-საბუეთის მეტეოსადგურის შემოგარენი, ფოთის პორტის მოლი, კახაბერის დაბლობში კაპანდიბის მეტეოსადგურის შემოგარენი და სხვა.
საქართველოს ხელსაყრელი კლიმატის წყალობით გააჩნია ბიომასური ენერგოსადგურების შექმნის უდიდესი პოტენციალი განსაკუთრებით ცხელი წყლისა და გათბობის მისაღებად. რეგიონებში და სოფლად ბიომასა ენერგომომარაგების მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება. ამასთან ერთად ქვეყნის ტერიტორიის 40% ტყეებითაა დაფარული.

საქართველოს ძირითადი ბიომასის ენერგეტუკული პოტენციალი შეადგენს 12,5 მლრდ. კვტ/სტ-ს, შედარებისათვის აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის მიერ გენერაცია 8-10 მლრდ. კვტ/სთ-ს არ აღემატება. ბიომასის გამოყენება ამჟამად შეშის მოხმარების სახით გვხვდება და შესაძლებელია ეკოლოგიურ კატასტროფამდეც მიგვიყვანოს. აუცილებლობაა ბიომასის დიდი პოტენციალი ელექტროენერგიის გამომუშავების წყაროდ გადავაქციოთ, რათა ქვეყანა გავასუფთავოდ სოფლის მეურნეობისა და ურბანული ნარჩენებისაგან, ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანამ პრიორიტეტულ სტრატეგიულ მიმართულებად საერთაშორისო ტურიზმის განვითარება აირჩია, რაც განსაკუთრებულ ესთეტიკურ წესებისა და სანიტარულ ნორმების მაქსიმალურ დაცვას მოითხოვს.

ზემოთაღნიშნული განახლებადი (ალტერნატიული) ენერგეტიკული რესურსების- ჰიდრორესურსების, მზის, ქარის, გეოთერმული წყლების, ბიომასის რესურსული წყაროების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება და ფართოდ დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკის სისტემის განვითარებას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, ქვეყნის რეგიონების, მათ შორის მაღალმთიანი საკურორტო და ტურისტული ზონების, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და კომუნალური მეურნეობების ელექტროენერგეტიკული და თბომომარაგების განვითარებას.

მსოფლიო ბაზარზე ორგანულ სათბობზე- ნავთობზე, ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე ფასების განუწყვეტელი ზრდა, პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნებიდან მათი იმპორტი, ეკოლოგიური წონასწორობის გამწვავება სულ უფრო აქტუალურს ხდის განახლებადი ენერგეტიკული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების აქტუალობას, რაც ითვალისწინებს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებასა და იაფი ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობას. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ენერგომომარაგების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაწეული ფულადი და მატერიალური დანახარჯები, ორგანული სათბობის ეკონომია, ძვირფასი თანამდევი პროდუქტების ღირებულება, გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის შემცირება.

ლიტერატურა:

1. გ. მუხიგულაშვილი, თ. კვარაცხელია, ენერგიის განახლებადი წყაროები და მათი ათვისება, მსოფლიო გამოცდილება, თბ., 2013
2. დ. ჩომახიძე, ენერგეტიკის მდგრადი განვითარების რეგულირების პრინციპები, სტუ, თბ., 2012
3. დ.ჩომახიძე, საქართველოს ენერგეტიკა, თბ., 2015
4. ბ. ჩხაიძე, ენერგიის განახლებადი წყაროების ენერგოეფექტურობა, სტუ, თბ., 2012
5. ლ. ხიხაძე, საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და მისი გამოყენების პერსპექტივები, ჟურნ. ეკონომიკა'', თბ., 2004
6. ლ. ხიხაძე, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების პოტენციალი და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში, სამეცნიერო შრომების კრებულში: ,,პოსტკრიზისული ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მექანიზმები'', სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., გვ., 123-127, თბ., 18. 11. 2011
7. www.energy. gov.ge
8. www.energenow. com
9. www. bioenergy.ge